თამარ ხულორდავა: ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
ხულორდავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მონიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს.
“საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრა უმაღლეს დონეზე, გუშინ გაიმართა. იუნკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მიესალმება და კმაყოფილია იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დგამს. ჩვენი ქმედებები ევროკავშირისა და პარტნიორების ყურადღების ცენტრში მუდმივად არის. საზოგადოებას მუდმივად ვაფრთხილებთ იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაციით მონიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დეპუტატის თქმით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების ალბათობა ძალიან დაბალია.
“პრაქტიკულად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ხდება. ეს არ არის მომგებიანი არც იმ ხალხისთვის, ვინც ვიზალიბერალიზაციას ბოროტად იყენებს და არც სხვა ქართველებისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმით კეთილსინდისიერად სარგებლობენ”, – აღნიშნა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები