მამუკა ბახტაძე: რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე პასუხი, ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, „ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე პასუხი დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების დაჩქარება იქნება.
პრემიერის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების სურვილი კი, რეგიონის ინტერესებს ემსახურება.
„სამწუხაროდ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების დაჩქარება. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებზე, გუშინ მოვისმინე, ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს პოლიტიკური არჩევანია. ეს არ არის საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის ჩვენი ცივილური არჩევანი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავლის ხედვაც ევროპულია.
რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. მას გააჩნია ყველა ეკონომიკური წინაპირობა, რომ იყოს ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, საქართველო აჩვენებს თავისი რეფორმებით, რომ ჩვენ შევძელით, ქვეყანა გვექცია თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ კანონის უზენაესობითა და მრავალი მიღწევით, რასაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს.
შესაძლოა, გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, თუმცა თუ გაქვს პრობლემები სტაბილურობასთან, ინვესტორი შენს ქვეყანაში არ შემოვა. ვფიქრობ, ჩვენი მისწრაფებები, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ემსახურება რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს დაეხმარება რეგიონს, ეკონომიკური პოტენციალი გამოიყენოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები