“დედას ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ”-რას აცხადებენ სოციალურ სააგენტოში გარდაცვლილი გოგონას ოჯახზე
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა.
მისივე განმარტებით, ბავშვის დედამ სოციალურ სამსახურს მიმართა და დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ითხოვა, რის შემდგომაც შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
„სამწლინახევრის განმავლობაში დედა სისტემატურად, თვეში რამდენიმეჯერ სტუმრობდა, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში. სწორედ ამიტომაც, როდესაც ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, სამომავლოდ, იმისთვის, რომ გაყვანილ იქნას პირის მიერ, ხდება ამა თუ იმ პირის მნახველ და გამყვან პირად დარეგისტრირება. რეგისტრაციას წინ უსწრებს იმ ოჯახის და იმ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, რომელიც იღებს უფლებას, ერთი – იყოს მნახველი და მეორე – გაიყვანოს ის. მსგავსი შეფასება მოხდა და აღვნიშნავ, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ. დედა დარეგისტრირდა მნახველ და გამყვან პირად, იმ გეგმით, რომ აქტიური მონიტორინგით ბავშვის სამომავლო რეინტეგრაციაზე იყო მუშაობა დაწყებული”, – განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, გუშინ საღამოდან სამინისტროსა და სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა. რასაკვირველია, თანამშრომლების გადაცდომა და პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, მოკვლევის შედეგს მყისიერად გახდება ცნობილი და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
როგორც წერეთელმა განმარტა, ბავშვის ოჯახიდან განცალკევების მიზეზი მხოლოდ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა იყო და არა ინფორმაცია ან რაიმე ეჭვი ძალადობის შესახებ.
“მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება იყო მხოლოდ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა საფუძვლიანი ან უბრალოდ ეჭვის გამო ოჯახში ძალადობაზე. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ბევრად გვიან და არც მოხდებოდა. სამი წლის განმავლობაში არც ერთხელ ყოფილა ამის ნიშანი. დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა ამ დროს თვალსაჩინო, რაც არ ჩანდა. ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, ჰქონდათ წინსვლა, ხოლო სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ. დანარჩენი ბავშვებიც ამ ოჯახში ცხოვრობდნენ, მათი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ხოლო მინიმუმ საცხოვრებელ გარემოს რას ვეძახით, ეს სადავოა. ოჯახისგან იყო გაუმჯობესება, მამაკაცი იყო დასაქმებული, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები მისი ინტეგრაციისთვის, ასევე, ჭეშმარიტი ინტერესიც, რომ ბავშვს ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა დედმამიშვილებთან, ასევე, დედასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, ის გაზრდილიყო დედასთან”, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა.
ცნობისთვის, თბილისში, გვაზაურის ქუჩაზე 4 წლის გოგონა სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა.
მომხდარ ფაქტზე, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.