კონსტანტინე გამსახურდია: რუსეთის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა გარდაუვალი მგონია
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე გამსახურდია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭების საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, საპარტიარქოების ურთიერთობათა ისტორია “ანგარიშების გაწევის” არაერთ შემთხვევას იცნობს, სადაც მისი თქმით, ძლიერს და დიდი რესურსის მქონეს ითვალისწინებენ.
“ძვირფასო მეგობრებო, მივმართავ უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც ჩაბმულია დისკუსიაში უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭების გამო და საქართველოს ეკლესიის სავარაუდო პოზიციონირებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის ისტორია ძალიან საყურადღებო და სასწავლებელ მაგალითებს გვაძლევს. როგორც ციცერონი იტყოდა, “იგი სავსეა მაგალითებით”.
George Chikovani-ს პოსტიდან:
“კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიის რიდით, 1926 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვია კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე.
ამის გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ 1926 წლის 24 ივლისს საპროტესტო წერილით მიმართეს მსოფლიო პატრიარქს უწმიდეს ბასილ III-ს.
საქართველოს საკათალიკოზო საბჭო შეახსენებდა მსოფლიო პატრიარქს იმ დროს, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდიოდნენ, როგორც კონსტანტინოპოლიდან, ასევე ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები, რომ რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ 1811 წელს უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ხშირია მუქარა, შანტაჟი რუსეთის მხრიდან, “არ გვსურს ვიფიქროთ, რომ თქვენი ეს მდუმარება და უყურადღებობა გამოწვეულია იმით, რომ პატარა ერის ეკლესიური ინტერესები მსხვერპლად შეეწიროს დიდი ერის ეკლესიურ მეგობრობას და კეთილგანწყობილებას”.
ჩემი სრულიად არაპოლემიკური კომენტარი: როგორც ხედავთ, საპარტიარქოების ურთიერთობათა ისტორია იცნობს “ანგარიშების გაწევის” არაერთ შემთხვევას, სადაც ძლიერს და დიდი რესურსის მქონეს ითვალისწინებენ. თუმცა ბოლოს ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება: საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მაინც ჯეროვნად იქნა ცნობილი ყველა სუბიექტის მიერ, გარდა რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ზოგიერთი ჯგუფისა. მათთვის ის დღესაც “ყუბანის ეპარქიის” ნაწილია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა (და აქ ვგულისხმობ იმ სეგმენტს, რომელიც ერთთა თვალსაზრისით “არაკანონიკურია”, მეორეთა შეხედულებით კი “კანონიკური”) მთელი მართლმადიდებლური სამყაროს, მათ შორის მისი შემადგენელი ნაწილის, რუსეთის საპატრიარქოს მიერ გარდაუვალი მგონია. ყველაფერი უბრალოდ დროის საკითხია”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.