„მძღოლების მხრიდან გარკვეული შეშფოთებაა, თუნდაც საქარე მინაზე დაზიანებების გამო“-ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება
ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ცვლილებები საქარე მინაზე არსებულ დაზიანებებთან, ავტომანქანის შეფერილობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იგეგმება.
„ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით მინდა, მადლობა ვუთხრა ეკონომიკის სამინისტროს. შექმნილია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც განიხილავს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ზოგადად, რეგლამენტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, არსებული ვითარების გათვალისწინებას. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ზუსტად ადაპტირებაზე იმ რეალობასთან, რაც გვაქვს. არის გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა, მათ შორის, საქარე მინასთან, ფერის იდენტიფიცირებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ რეგლამენტი იყოს ადაპტირებული დღევანდელ მოთხოვნებთან.
ფაქტია, რომ საკმაოდ მკაცრია რეგლამენტი. სტატისტიკა ასეთია, ყოველი მეორე ავტომობილი ვერ გადის პირველად ინსპექტირებას და მძღოლების მხრიდან გარკვეული შეშფოთებაა, თუნდაც, საქარე მინაზე დაზიანებების გამო. ფაქტობრივად, ყველაფერზე ხარვეზდება ავტომობილები საქარე მინასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ის საკითხები, რაზეც ამ ტექნიკურ ჯგუფში იყო მსჯელობა, უკვე სიცოცხლისუნარიანი გახდება სამთავრობო სხდომაზე. ამას პროცედურები სჭირდება, დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე ტექინსპექტირება, დაახლოებით, 50 000-მა ავტოსანტრანსპორტო საშუალებამ გაიარა, დახარვეზებულია – 46%. იორდანიშვილის თქმით, თითქმის ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
თამუნა შეყილაძე