“განცხადებები, რომლებიც „ფრიდომ ჰაუსიდან“ გვესმის, მთლიანად ეფუძნება ვითომ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილებს და დასმენებს”
რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი არათუ საფრთხეშია, არამედ აღვირახსნილია.
„მე ვფიქრობ, იქნებ თვითონ, რამენაირად და არანაირი საკანონმდებლო თუ სხვა ხერხებით, დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. ვინაიდან ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ამ „ფრიდომ ჰაუსიდან“ გვესმის, მთლიანად ეფუძნება ვითომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილებს და დასმენებს, როგორც წესი ცილისწამებებს. ჩვენ სულ გვესმის მსგავსი ორგანიზაციებისგან, რომ დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია. მე ვფიქრობ პირიქით, რომ დემოკრატიამ დამახინჯებული ფორმა მიიღო და ამ პლურალიზმმაც დამახინჯებული ფორმა მიიღო იმიტომ, რომ აბსოლუტურად უკონტროლოა. ერთ-ერთი ძირითადი, ყურებადი არხის ხელმძღვანელი, გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი და არცერთი პასუხი ჩვენ ქალბატონი პრეზიდენტისგან არ მოგვისმენია. ცილისწამება და ლანძღვა-გინება ყოველდღიური, არცერთი პასუხი.
ამის შემდგომ, ჩვენ ვგებულობთ სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნებს, რომ თურმე ზეწოლაა და წინასაარჩევნო პერიოდი იყო მძიმე. ვისი მხრიდან იყო მძიმე, ჩვენ, ხომ ყველამ კარგად ვიცით? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან იყო მძიმე? რომელიმე თქვენგანი დამისახელებს განცხადებას, სადაც ქალბატონი სალომე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა ან ცილს სწამებდა? ნიაღვარი ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან მოდიოდა, რომელიც ტირაჟირებული იყო სააკაშვილის კერძო ტელევიზიიდან და ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით. ამ დროს, რას ვხედავთ ჩვენ, ამ ანალიტიკური მისიების მონაცემებში? აბსოლუტურად საპირისპირო სურათს, რაც ნიშნავს, რომ მათ თავისი თავი ამოწურეს. გავა რამდენიმე წელი და აბსოლუტურ უაზრობაში დარჩებიან. ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ნაწილი მხარე აღმოჩნდა.
„მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური მხარე, არანაირი არასამთავრობო და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები ეს ორგანიზაციები არ არიან, ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მშვენიერაძე, გიგაური, საია არიან პოლიტიკური ორგანიზაციები. ვის გვერდზე იდგნენ ყველამ ნახა, ვის იცავდნენ – ყველამ ნახა. ამ მიმდინარეობის სრული კრახი ხდება მსოფლიოში. არასამთავრობოების არსი მთლიანად დამახინჯდა. მე ვფიქრობ, მარტო ჩვენნაირ ქვეყნებშია გავლენა მათი მხრიდან. ეს არამარტო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ “ფრიდომ ჰაუსზეც” შეგვიძლია იგივე ვთქვათ. სრული დისკრედიტაცია განიცადა ამ ორგანიზაციამ. სიცრუეზე, ცილისწამებაზე აგებული კვლევები, რომლებიც მერე საჯაროვდება და განცხადებები, რომლებსაც მერე მათი წევრები აკეთებენ, ნეიტ შენკანი მაგალითად, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი საფრთხეშია“,- აღნიშნა ხაინდრავამ.
ცნობისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018,“ რომელშიც შეფასებულია დემოკრატიის მდგომარეობა ბალტიისპირეთის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანაში. „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებით, 29-დან 19 ქვეყანაში დემოკრატიის საერთო მაჩვენებელი გაუარესებულია. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, რომლის საერთო რეიტინგი 4,61-დან 4,68-მდე დაეცა.