ექიმის ცემის ბრალდებით, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი დააკავეს

სამართალდამცველებმა ექიმის ცემის ბრალდებით „ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი რეზო ნასიძე დააკავეს. როგორც ირკვევა, ექიმსა და მსახიობს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისთვის, ექიმს მიღებული ტრავმების გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება. ამ ეტაპზე, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები