”ივენთ ჰოლში” წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის “ივენთ ჰოლში” წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა სლოგანით – “გახდი წყალბურთის მხარდამჭერი”. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი, ენერგეტიკის მინსიტრი კახი კალაძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ წყალბურთის სამყაროს წარმომადგენლები – ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. პრეზენტაციაზე საწყალოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით რურუამ და წყალბურთის ახლად დაარსებული ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გრძელვადიან პროექტზე ისაუბრეს.
ასევე დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, ვინც დღემდე საქართველოში წყალბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ასევე გაიმართა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მხარდასაჭერად გადაიღეს. კონტინენტის პირველობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-27 ივლისს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის პირველად ითამაშებს.