„შემოდგომის ლეგენდა” – ლიტერატურული კონკურსის მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართება

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა” საიუბილეო – მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაზე კონკურსის 2018 წლის და წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტის გამარჯვებულები დასახელდებიან, რომელთაც სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.
იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად – 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცემათ.
წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტი შემოდგომის დასაწყისში გაიმართა და გასული წლების გამარჯვებულების და ლიტერატურული ჟიურის წევრების მონაწილეობით ჩატარდა.
კონკურსის სხვადასხვა წლის პირველადგილოსნებმა ჟიურის წევრებისთვის იმპროვიზაციულ ტურში თემად “ლაზარეთი” შეარჩიეს, ხოლო ლიტერატურულმა ჟიურიმ ახალი ნაშრომების შესაქმნელად მონაწილეებს თემად “ოფლაინი” შესთავაზა. დაჯილდოების საღამოზე ლიტერატურული ექსპერიმენტის ორი გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო ყველა ნაშრომი თავს საიუბილეო კრებულში მოიყრის, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოებაზევე შედგება.
საიუბილეო ბროშურა ორნაწილიანია და ის ასევე მოიცავს წლევანდელი კონკურსის 10 საუკეთესო ნაშრომს, კრებული ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტ ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ლიტერატურული კონკურსი 2009 წლიდან ტარდება და წელს მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები