სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება (ვიდეო)
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც სამტრედიიის სოციალურ სააგენტოში მომხდარი ფაქტია აღბეჭდილი.
„კვირა“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე დღეა “ფეისბუქის” მეშვეობით ვრცელდება ვიდეო, სადაც ბავშვი ტირის და ისმის მამაკაცის ბრალდებები სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების თანამშრომლების მისამართით. მამაკაცის რეპლიკებში ჩანს, თითქოს სააგენტომ არ დაიცვა სათანადოდ მისი და არასრულწლოვანი შვილის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, შეუთანხმებლობის გამო, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომ განუსაზღვრა მოდავე მშობლებს შვილთან ურთიერთობის წესი. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
ვიდეოს ავტორმა, რომელიც იმავდროულად ბავშვის მშობელია, არ შეასრულა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნა, რაზედაც მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამავე მოქალაქემ, დადგენილი ფაქტის უარყოფისთვის, წინასწარ დაგეგმა ვიდეოგადაღება, ასევე, სააგენტოს ოფისში მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს. ვიდეოში ნათლად იკვეთება ბავშვით მანიპულაციის სავარაუდო ფაქტები.
არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ფაქტის იდენტიფიცირების მიზნით, საქმეში ჩართულია სააგენტოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ამასთან, შემდგომი რეაგირებისათვის საქმე გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია განცხადებაში.