მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში “მომავლის ბავშვების” ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

22-24 დეკემბერს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ზამთრის საგანმანათლებლო სკოლა „მომავლის ბავშვები“ ფუნქციონირებდა.
პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები: ლექცია-საუბრები, ვორქშოფები, სახალისო ცდები ქიმიასა და ბიოლოგიაში. ჩატარდა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გლობალური დათბობა და ეკოლოგიური პრობლემები“. სკოლის გახსნაზე მის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს სასახლის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა ლევან დვალმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა ია გოდერძიშვილმა.
თბილისის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით თაქთაქიშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია – „საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფაუნის წარმომადგენლები“, ასევე დაათვალიერეს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი.
სკოლის ბენეფიციარებს ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ფაუნის წარმომადგენლები“. პრეზენტაცია წარადგინა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ირმა ბოჭორიშვილმა. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კათედრის მეცნიერ – თანამშრომლები, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ჩიჩუა მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე: „ქართული ღვინო – ქართული ქვევრი – უძველესი ენდემური ქართული ხორბლის ჯიშები“.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
24 დეკემბერს სკოლა საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას ესწრებოდა საგნობრივი მიმართულებების ხელმძღვანელი ლია შენგელია და ნოვაციებისა და მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელი მაია ჩიმაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები