ილია მეორე: მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ლოცვა-კუთხევას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განვლილ წლებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რომ არა ხალხის სიყვარული, ის ვერ შეძლებდა ამ ჯვრის ტარებას.
„41 წელი – მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ლოცვა-კუთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი, „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, – ბრძანა უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიომ მიულოცა და სპეციალური სიტყვით, წმინდა სინოდის სახელით, მიმართა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა დიდი სულიერი ღვაწლისთვის.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.