,,ქართული ფინალი, როდესაც წაგებასაც და მოგებასაც ერთი რეაქცია აქვს“ – ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ ირაკლი ზირაქაშვილთან
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 1-2 ივნისს მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს მკლავჭიდელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 35 მედალი მოიპოვა. მათ შორის იყო საქართველოს მრავალგზის, ევროპის ოთხგზის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და პრიზიორი ირაკლი ზირაქაშვილი. ის მარჯვენა ხელით ასპარეზობაში 75 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა.
– ირაკლი, მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული ხარ, გვიამბეთ თქვენს შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებიც პირველ ადგილზე გასვლას მოჰყვა ?
– პირველად მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი, 17 წლის ვიყავი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება, რომელმაც უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭა და მომავლის რწმენა მომცა.
-ცოტა წლევანდელ შეჯიბრზეც გვიამბეთ, რამდენად დიდი იყო კონკურენცია და რამდენად გაიზარდა თქვენი მიზნები?
– ამ წელს ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, სადაც ტრამვა მივიღე და რამაც ხელი შემიშალა თურქეთში გამართულ მსოლიო ჩემპიონატზე მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვე.
-რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში და მაინც და მაინც სპორტის ეს სახეობა რატომ გადაწყვიტეთ?
-ვარჯიში 14 წლის ასაკში დავიწყე, ყოველთვის მომწონდა ეს სპორტი და მქონდა შესაბამისი მონაცემებიც, შესაბამისად, ბევრი არ მიფიქრია, სანამ ამ სპორტს ავირჩევდი.
-ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში?
-ჩემს პირველ მწვრთნელებსა და ჩემი ოჯახის წევრებს, მათი მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, მემატებოდა მოტივაცია და უფროდაუფრო მეტს ვმუშაობდი საკუთარ თავზე.
-პირველი წარმატება, რომელსაც მკლავჭიდში მიაღწიეთ
-პირველი ჩემი წარმატება 2013 წელს საქართველოს ჩემპიონატზე იყო, სადაც მეორე ადგილი დავიკავე, შემდეგ წლებში ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 4 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. თითოეული გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მემატება მოტივაცია და მჯერა მომავლის.
-გამოგიცდიათ თუ არა თავი სპორტის სხვა სახეობაში? როგორც ვიცი, ავტოსპორტითაც დაინტერესებული ხართ, ორიოდე სიტყვა ამის შესახებაც გვიამბეთ და ამ კუთხითაც გავაცნოთ საზოგადოებას თქვენი თავი
-კი, მრავალ სპორტში გამოვცადე საკუთარი თავი: ფეხბურთში, ჭიდაობაში, რაგბში. ავტოსპორტს რაც შეეხება, ვარ ავტომოყვარული, მიმიღია მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე დრაგში, სადაც დავიკავე პირველი ადგილი, მაგრამ ეს სპორტი არ არის ჩემი ცხოვრების მიზანი, უბრალოდ მოყვარული ვარ.
-რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მკლავჭიდელებს?
-ჩემი რჩევაა, რომ იშრომონ ძალიან ბევრი და ირწმუნონ საკუთარი თავის. ყველა მოძრაობა შეასრულონ ზუსტად და ყურადღებით. ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებებს!
სესილი კაპანაძე