ანა დოლიძე გიორგი მიქაუტაძეს – თქვენ, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ

„თქვენი საკუთარი კარიერების გადასარჩენად, დღეს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია“, – ამ სიტყვებით მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მიქაუტაძესა და საბჭოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სიის შემადგენლობა.
დოლიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელი გადაწყვეტილებით სუიციდი ჩაიდინა.
დოლიძის განმარტებით, საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი გაუშვა ხელიდან.
„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დონემდე დაეცემოდით და იმ ტოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. თქვენი საკუთარი კარიერების გადასარჩენად დღეს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დაგაკისრათ, რომლის მიმართაც თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, მე ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა სიას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან შემადგენლობას მოიცავს. სია დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს, ირმა გელაშვილს, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები