თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად, საზოგადოებას 2018 წელს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. თინათინ ნიბლოშვილმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კომისიამ 2018 წელს განახორციელა.
თინათინ ნიბლოშვილმა და გალაქტიონ ბუაძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით გაკრული სამისამართე აბრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, 2018 წელს თბილისში სულ 11 940 აბრა დამონტაჟდა, ხოლო 129 გეოგრაფიულ ობიექტს სახელი მიენიჭა. მათ შორის გახლავთ, ნოდარ ახალკაცის, მარიკა ლორთქიფანიძის, ტატიანა თვალჭრელიძისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელი მიენიჭა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კომისიის ინიციატივით, თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკვერი. მათ შორის თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის, ბუენოს აირესის, არჩილ სირბილაშვილისა და ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერები.
თინათინ ნიბლოშვილმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიამ, აღნიშნულ პერიოდში, 21 სხდომა გამართა, რომლებზეც 191 საკითხი განიხილეს და 130 განკარგულება გამოსცეს. ნიბლოშვილის თქმით, კომისიამ 800-ზე მეტ მოქალაქეს კონსულტაცია გაუწია. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, პრობლემის ადგილზე გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრებიც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები