ლადო ბოჟაძე: ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს არ ჰყავს საკუთარი რჩეული, ის სრულად დაეყრდნო სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს არ ჰყავს საკუთარი კანდიდატურა, არ ჰყავს საკუთარი რჩეული ამ თვალსაზრისით, ამიტომ ის სრულად დაეყრდნო სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, პრეზიდენტი დღეს იმ სამ კანდიდატს წარადგენს, რომლებიც გუშინ უკვე დასახელდა, ხოლო მეოთხე კანდიდატმა გიორგი ჯავახიშვილმა აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ ჰყავს არანაირი კანდიდატურა, არ ჰყავს საკუთარი რჩული ამ თვალსაზრისით, ამიტომ ის სრულად დაეყრდნო სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს. ჩვენ ვინც ვესწრებოდით შეხვედრას, მოგვეცა საშუალება ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
გუშინ გვქონდა ძალიან ღია შეხვედრა, სამუშაო რეჟიმში ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. გუშინ დასახელდა 4 კანდიდატი, თუმცა ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა თავად თქვა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე.
ბუნებრივია, შანსების თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ქალბატონი თამარი ახლაც გახლავთ ცესკოს თავმჯდომარე. მას თავადაც ექნება საშუალება ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. ბუნებრივია, ამ თავლსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფავორიტი კანდიდატი არის თამარ ჟვანია, ის 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საარჩევნო კომისიას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თუ პრეზიდენტი წარმადგენს ამ თანამდებობაზე და ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ მექნება შესაბამისი მხარდაჭერა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა ბოჟაძემ.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, მას საშუალება ჰქონდა პრეზიდენტისთვის საკუთარი ხედვები გაეცნო.
„პრეზიდენტთან შეხვედრას დასახელებული კანდიდატებიდან მხოლოდ მე ვესწრებოდი. მქონდა საშუალება, პრეზიდენტისთვის ძალიან მოკლედ გამეცნო ჩემი ძირითადი პრიორიტეტები, რას ვგეგმავ ამ მიმართულებით.
ორი ძირითადი საკითხია რომელსაც გამოვყოფდი. ფაქტობრივად ,ყოველწლიურად გაუქმებული რეგისტრაციის გამო 200 000-მდე მოქალაქეს მუდმივად ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების პრობლემა. ჩვენი ძალისხმევით ეს საარჩევნო კოდექსში აისახა და ადამიანებს ეძლევათ საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან სერიოზულ გამოცდად რჩება სქართველოს 600 000 -ზე მეტი მოქალაქისთვის, ვისაც აქვს სხვა იურიდიული, ან ფაქტობრივი მისამართი და ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ყველაზე მთავარია ასევე საზღავრგარეთ მყოფი ჩვენი ასიათასობით მოქალაქე, რომელსაც, ერთი მხრივ, აქვს პრობლემა საკონსულო რეგისტრაციის და მეორე მხრივ იმის, რომ ჩავიდნენ კონკრეტული ქვეყნის დედაქალქში და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ელექტრონული არჩევნების შემოღება. ეს არ გულისხმობს მთლიანად ელექტრონულ საარჩევნო ხმის მიცემის სისტემაზე გადასვლას. ეს გულისხმობს ნაწილობრივ ელექტორნული სისტემის საშუალებით ხმის მიცემას, იმ ამომრჩევლებისთვის , რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის გარეთ . ეს სისტემა არის უსაფრთხო და საიმედო.
მეორე მიმართულება ეს არის საუბნო- საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. იცით, რომ ძალიან მძიმე კადრები ვიხილეთ. მოვითხოვთ გამოძიებას , პირველ რიგში უნდა დადგინდეს ამ კადრების ავთენტურობა და მკაცრად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც აცვიათ საარჩევნო მოხელის შესაბამისი უნიფორმა და ღიად არღვევენ და აყალბებენ არჩევნებს. ვფიქრობ, საუბნო – საარჩევნო კომისიის წვერებისთვის ე.წ. სერთიფიცირება უნდ არსებობდეს“- განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დღის ბოლოსთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, გუშინ შეხვედრაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობდა, ოთხი კანდიდატურა დასახელდა. ეს კანდიდატებია: თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები