„საპარტნიორო ფონდსა“და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და აფხაზი სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში სტაჟირების პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან და “სტარტაპ” პროექტების სპეციფიკას გაეცნობიან.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – ზურაბ ხონელიძემ და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით საგანელიძემ მოაწერეს. ხელმოწერა „საპარტნიორო ფონდში“ შედგა.
დავით საგანელიძის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ წარჩინებულ სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.
„უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტუდენტების ჯგუფი იმ საწარმოებში გაივლის სტაჟირებას, რომლებშიც ჩვენ კაპიტალი გვაქვს ჩადებული, ასევე ჩვენს სათავო თუ შვილობილ კომპანიებში. იმედია, მომავალში მათი დიდი ნაწილი დასაქმების ადგილს იპოვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად სტუდენტებისა და, ასევე, იმ ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს ეძებს“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტირმა დავით საგანელიძემ.
მემორანდუმი გულისხმობს, პრაქტიკული, სამეცნიერო-შემეცნებითი პროექტების, ასევე, კვლევების თემატური სემინარების ორგანიზებას სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
მემორანდუმის მიზანია, სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და აფხაზი სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენა-განვითარების ხელშეწყობა, ასევე, სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები