მამუკა ბახტაძე: კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი გზავნილი

კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდამჭერი აქტის შეფასებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი ყოვლისმომცველი არასდროს ყოფილა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის ტექსტში წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ის გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს.
„მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონში, ასეთი ძლიერი გზავნილისთვის. კანონპროექტის ტექსტში წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რუსული ოკუპაცია, ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაჩნდა მხარდამჭერი ჩანაწერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის, იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო ჩანაწერი იმ სასტიკ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ აქტში მოცემულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონში, განსაკუთრებული მადლობა კონგრესმენებს ტედ პოს და ჟერი კონელის, რომლებმაც მოახდინეს ამ კანონპროექტის ინიცირება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტში ძალიან ნათელი აქცენტებია გაკეთებული ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ნახსენებია ხუთ წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი გახდება ყველა მიმართულებით განვითარდეს და სრულიად ახალ დონეზე ავიდეს აშშ-თან ურთიერთობა.
„ზოგადად, არ მიყვარს პერსპექტივის გაზვიადება, მაგრამ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ საქართველომ დაძლიოს ეკონომიკური გამოწვევების ძალიან დიდი ნაწილი. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით და ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად მივიღეთ ჩვენი მეგობრებისგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. დიდი მადლობა მათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები