ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მარიანა სჩიოტკინას შეხვდა.
კოვზანაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბელარუსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, უცხოელ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება.უცხოელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბელარუს ტურისტებს შორის საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ზრდაზე.
ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუს ხალხს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც განპირობებულია საერთო ისტორიითა და ღირებულებებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელარუსის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვიც ესწრებოდა.
ბელარუსის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მიზნით ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები