ლევან კობერიძე: ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებას, რომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რაც ვიხილეთ

„ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის არ არის საინტერესო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციები“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ აქციებს.
„საინტერესო არის ის, რომ გუშინ შედგა ინაუგურაცია, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია – ეს არის დღის წესრიგი და არა ის, თუ რა აქციას მართავს წარსულში ჩარჩენილი “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რეალურად არ აქვს იმის რესურსი, რომ ქუჩებში აქციები მოაწყოს.
“ეს დაადასტურა ბევრმა აქციამ, დაადასტურა ასევე მათმა ქმედებამ გუშინ. იმის გამო, რომ მცირე რიცხოვნობით იყვნენ წარმოდგენილი, თავიანთი არასაქართველოს მოქალაქე უფროსის დავალებებს ამართლებენ და ასრულებენ. ამ ადამიანმა(სააკაშვილი) ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა, ალბათ მის წინაშე უნდა დააფიქსირონ, რომ ქუჩებშიც გავიდნენ, ალბათ რესურსებიც იხარჯება. ეს შთაბეჭდილება მრჩება მე. ეს აქციები, საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის”, – აღნიშნა კობერიძემ.
რაც შეეხება გუშინ, კახეთში განვითარებულ მოვლენებს, კობერიძე მიიჩნევს, რომ მოუხედავად სტატუსისა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„მე მგონია, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობა” ოპერირებდა მთელი თავისი ბუნებით და ხასიათით. მე ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებას, რომ მიუხედავად თანამდებობისა და სტატუსისა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს იმას, რაც იქ ვიხილეთ. რომ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რაც იყო ქალი დეპუტატების მანქანაზე თავდასხმა, ეს ასახავს რა იყო გუშინ მათი სულისკვეთება”, – განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ მისი რაიმე უფლება დაირღვა, შეუძლია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები