მიხეილ სააკაშვილი: ნიკოლა სარკოზი ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან
“ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან“, – აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთიდან ნიკოლა სარკოზი ჩამოვა.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც”ინაუგურაციაზე” ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, – წერს მიხეილ სააკაშილის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება.