მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, რათა პროვოკაცია მოეწყო

„ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს.
„ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს და ხელს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს. ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო, პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რამენაირად ხელი მოხვედროდა და რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე მაშინ, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე ნიკა მელია პარლამენტში ყოფილ-პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც დაუპირსპირდა, რის შედეგადაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები