ტერეზა მეის ბრიტანეთის პარლამენტი უნდობლობას უცხადებს – შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მმართველ კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენენ, ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის პროცედურა დაიწყეს. კენჭისყრა დღეს 18:00-დან 20:00-საათამდე ჩატარდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “როუტერსი” ავრცელებს.
პარლამენტარები პალატის სხდომაზე შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა ტერეზა მეი მომავალშიც კონსერვატიული პარტიის მმართველი. ბრიტანული პარლამენტის დეპუტატებს ასევე, ეჭვი ეპარებათ, შეუძლია თუ არა მოქმედ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ხელისუფლების გაძღოლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ევრონიუსი” ავრცელებს, თუკი 315 დეპუტატიდან 158 მაინც გადაწყვეტს, რომ ტერეზა მეი პარტიის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს, მაშინ დაიწყება პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა, შემდეგ კი უკვე ხელისუფლების ლიდერის.
იმ შემთხვევაში, თუ მეის თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ, პარლამენტი მსგავსი პროცედურის ინიცირებას ერთი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.