სალომე სამადაშვილი: ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე, რა არის ჩვენი მიზნები და ამოცანები
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისთვის გასაგები იქნება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება. სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე არ გამოცხადდება ალტერნატიული პრეზიდენტი.
„ჯერჯერობით, უცნობია აქციის ფორმატი, თუ რა იგეგმება. ჩემი სურვილია, აქციაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც გასაგები გახდება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება ალტერნატიული საქართველოს პრეზიდენტის გამოცხადება. ეს თუ იქნება აქციის სულისკვეთება, ვერ ვხედავ, ამ აქციის შემდგომი პოლიტიკური დატვირთვა როგორ უნდა გაგრძელდეს.
ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე რა არის ჩვენი მიზნები და ამოცანები, რადგან 16 დეკემბერს აქცია დასრულდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ 16 დეკემბერს თელავში მასშტაბური აქცია დააანონსა მათივე განცხადებით, აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გაიმართება.