“სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება; ეს მეტყველებს, საიდან დაიწყო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა ილია მეორემ” – გურამ ნიკოლაშვილი

“სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს მეტყველებს, საიდან დაიწყო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა – რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი. იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განუცხადა.

„პრაქტიკულად, ეკლესიაში თქვენ ვერ ნახავთ რაიმე მიმართულებას, გინდაც ხატწერა იყოს, გინდაც – საგალობელი, ნებისმიერი, ფუნდამენტური საკითხიდან დაწყებული, პატარა, წვრილმანი ყოფითი საკითხით დასრულებული, რასაც მან არა მარტო ხელი არ დაამჩნია, არამედ თვითონ განსაზღვრა და შექმნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ღვთის მიერ, მაგრამ მისი ხელით შექმნილი.

ცხადია, ერთ-ერთი ურთულესი იყო სამონაზვნო ცხოვრების აღორძინება, რომელიც პრაქტიკულად მომსპარი იყო. ყველა იცის ბეთანიის მონასტრის ისტორია, როდესაც ბოლო. წმინდანად შერაცხილი ბეთანიელი მამებიც აღესრულნენ და პრაქტიკულად, საქართველოში სამონასტრო ცხოვრება დასრულდა. პატრიარქი იყო ის ერთადერთი რგოლი, რომელმაც მანამდე ინერციით არსებული მეხსიერება სულიერების გადააბა და შექმნა ეს თანამედროვე ყოფიერება. საბჭოთა პერიოდში ეს ყველაფერი მინავლდა და იდენტობის ის მთავარი სვეტები, რაზეც დგას ქართველობა: ენა, მამული და სარწმუნოება – სარწმუნოება აქ არ იყო და ჩანაცვლებული იყო ათეიზმით. ბუნებრივია, ადამიანში რელიგიური გრძნობა ვერ გაქრებოდა და იგი ტრანსფორმირდა. გადავიდა კულტურაში სხვა მიმართულებებში“, – აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები