მართლმადიდებელი სამყაროს დანაკარგი: რას წერს საერთაშორისო მედია საქართველოს პატრიარქზე

მსოფლიო მედია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება. საერთაშორისო გამოცემები მას აღწერენ როგორც მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სულიერ ლიდერს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

Reuters-ი წერს, რომ ილია II იყო ფიგურა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი მმართველობის დროს ეკლესია საბჭოთა რეპრესიების შემდეგ ძლიერ ეროვნულ ინსტიტუციად იქცა.

Associated Press (AP) საქართველოს პატრიარქს ეპოქალურ ფიგურას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გარდაცვალება არის „უდიდესი დანაკარგი მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“.

საერთაშორისო მედია ხაზს უსვამს, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერი კავკასიაში, რომელმაც ეკლესია საბჭოთა პერიოდში თითქმის განადგურებიდან აღადგინა და მას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცენტრალური როლი დაუბრუნა.

“ილია II ეკლესიას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან ლიდერის თანამდებობა 1977 წელს დაიკავა, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და რელიგიური პრაქტიკა შეზღუდული იყო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, ილია მეორე დომინანტურ სულიერ და საზოგადოებრივ ფიგურად დარჩა”,- წერს abcnews-ი.

Euronews-ი ილია მეორეს როგორც ეპოქალურ რელიგიურ ფიგურას მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი მართლმადიდებელი სამყაროსთვის დიდი დანაკარგია.

ევროკავშირის ოფიციალურ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

“ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სასულიერო პირებს და მთელ ერს. მისმა უწმინდესობამ სასიცოცხლო როლი ითამაშა ეროვნული იდენტობისა და რწმენის შენარჩუნებაში და გამაერთიანებელ პიროვნებად დარჩა მორწმუნე თაობებისთვის”,- ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები