ადა მარშანია: მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“
მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოსდაბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ მაშინ, მათთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგშია შესული, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოსდაბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ მაშინ, მათთან თანამშრომლობა. გადავწიოთ უფრო წინ, ახალ წლამდე განვიხილოთ და მივიღოთ“, – განაცხადა მარშანიამ.
“პატრიოტთა ალიანსმა” რეზოლუციის პროექტი „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რამდენიმე თვის წინ მოამზადა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებებზე, მათ შორის, არჩევნების გაყალბებაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში