მამუკა ბახტაძე: მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია

“მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
მისივე თქმით, მთის საერთაშორისო მსოფლიო დღეს საქართველო წელს პირველად უერთდება.
„განსაკუთრებული პატივით მინდა მოგესალმოთ თქვენ, ჩვენ საამაყო ადამიანებს, რომლებიც მთისადმი თქვენი ერთგულებით გვინარჩუნებს სამშობლოს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩამობრძანებისთვის და ჩვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნისთვის. დღეს, 11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს პირველად ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ეს ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი არის მთიანი. ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთისა და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ. ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობას ვესაუბრები და ვესაუბრები უშუალოდ. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ ისეთ რჩევას მიიღებ ხოლმე, რომ მართლაც მთელი ცხოვრება შეიძლება დაგამახსოვრდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია და ისინი დღემდე ღირსეულად ასრულებენ აღნიშნულ ისტორიულ მისიას.
„მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი დიდი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ, განაგრძობთ წინაპრების ტრადიციებსა და დარწმუნებული ვარ, გადასცემთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები