დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის

“ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს,” – ამის შესახებ დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა ემიგრანტების მიმართ.

„ყველა გლოვობს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, თითოეულ ქართველს, ასევე, ემიგრანტებს, რომელიც ძალიან უყვარდა პატრიარქს, ყოველთვის ლოცავდა ხოლმე, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა, ყოველთვის სიკეთეს უსურვებდა ისევე, როგორც მთელ საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ადამიანისთვის. ერთია, რომ ადამიანმა თეორიულად რაღაც იცის, ხედავს და მეორეა მისი გულის მდგომარეობა, გულში კი იგრძნობა ეს ტკივილი, ეს არის უმთავრესი. მთელი ქრისტიანობის არსიც ეს არის, რომ სიტყვა გულში შევიდეს და ადამიანმა ეს თავის გულში იგრძნოს, გულიდან გამომდინარე სიკეთე აკეთოს. ის სიყვარული, რაც მან გვასწავლა ღვთის შესახებ და ის ღვაწლი, რაც მან გააკეთა, ადამიანის ბუნებისთვის შეუფასებელია. რაღაცას შეაფასებ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ჩასწვდები, ეს ძალიან დიდი სიღრმეა. როგორც იტყოდა, რწმენა და დიდი სიყვარული უნდა გქონდეს, რომ რაღაც ნაწილი მაინც გაიგო ის სულიერება, რაც ამ ადამიანს, ჩვენს სულიერ მამას ჰქონდა. გორისა და ატენის ეპარქიის გვერდზე მისი სურათი დაიდო და ასეთი რამ წერია: „საქართველოს თეთრი ანგელოზი“. ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს“, – განაცხადა დეკანოზმა, ხვთისო სეხნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები