დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის
“ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის”,- ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიონის ტაძარში არაერთი პატრიარქია დაკრძალული და ილია მეორე განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს.
„1917 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, მას შემდეგ აქ არიან დაკრძალულები: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათ გარდა კიდევ არის არაერთი წმინდა საკრძალი. მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული კრძალვა და განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს და საკრძალს. მისი უწმინდესობა გამოგვატანდა ხოლმე ანთებულ საკმეველს ჭურჭლით, სანთელს და თითოეულ მათგანს დაუდგამდა საფლავზე თავთან.
ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის“, – განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.