სერბეთის საგარეო უწყება საქართველოს უსამძიმრებს – “ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას”
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
წერილში ჯურიჩი აღნიშნავს, რომ ამ მძიმე პერიოდში სერბი ერი სრულად იზიარებს ქართველი ხალხის მწუხარებას და მათ მიმართ გულწრფელ თანადგომას გამოხატავს.
იგი სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, ასევე პირადად, უსამძიმრებს საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სინოდს, სასულიერო პირებს, მონასტრულ თემებსა და ქართველ ერს.
ჯურიჩი ხაზს უსვამს, რომ პატრიარქი ილია II დარჩება მეხსიერებაში, როგორც სულიერი ლიდერი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა რწმენას, მშვიდობასა და ერთიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ურთიერთგაგებისა და სოლიდარობის გაძლიერებაში.
“ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში. ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.