ვახტანგ მაისაია: საქართველოში სამხედრო გადატრიალების კლასიკური სცენარი იგეგმებოდა

საქართველოში იგეგმებოდა სამხედრო გადატრიალების კლასიკური სცენარი. ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო მონტენეგროში, როგორიც იგეგმებოდა 1 წლის წინ უკრაინაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მაისაია საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, უცნაურია, რომ უკრაინის უმაღლესი “რადას” დეპუტატს და ბატალიონ „დონბასის“ მეთაურს, სემიონ სემენჩენკოს, რომელიც საქართველოში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირთან ერთად იყო, ჟურნალისტის აკრედიტაცია ჰქონდა.
„სემენჩენკო ავანტიურისტული ტიპის ფიგურაა. მისი ნამდვილი სახელია კონსტანტინე გრიშინი, წარმოშობით ყირიმიდანაა, ბევრი შავი ლაქაა, რომელიც მის დონბასში გატარებულ პერიოდს ეხება. ის შემჩნეულია კრიმინალური ტიპის ქმედებებში, რომ არა იმუნიტეტი, მას, ალბათ, დიდი ხანი ციხეში ამყოფებდნენ. ის “რადას” დეპუტატია, დაპირისპირებულია პოროშენკოს ხელისუფლებასთან, მონაწილეობდა პოროშენკოს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ჩამოგდების სცენარის განვითარებაში. აქედან, გასაგებია, თუ რა აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილთან. ისინი, ფაქტობრივად, ერთი გუნდი არიან.იმ პირების წინა
აღმდეგ, რომლებიც საქართველოში დააკავეს, უკრაინაშიც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
რაც შეეხება სემენჩენკოს – უცნაურია, როცა უკრაინის “რადას” დეპუტატს სჭირდება ჟურნალისტის აკრედიტაცია.
ბუნებრივია, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ გონივრული ეჭვის საფუძველზე, როგორც უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი ვიტყვი, მე და ირაკლი კაკაბაძე ამას ვამბობდით არჩევნებამდე. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პროგნოზი არათუ ერთი ერთზე დაჯდა, არამედ ამას ჰქონდა სერიოზული შედეგები. არჩევნების დასრულებიდან 2 საათში მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ფაქტობრივად, მოუწოდა სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებისკენ. ამ დროს დაკავებული იქნა იარაღის ფლობის საბაბით ის 7 ადამიანი, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ საქართველოში. ასეთი რამდენი ჯგუფია შემოსული კიდევ, არავინ იცის. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ კიევში კარვების ქალაქის მშენებლობაში, რომლის მთავარი იდეა უნდა ყოფილიყო უმაღლესი “რადას” დაკავება და პოროშენკოს ხელისუფლების დამხობა. დაახლოებით, ეს სცენარი გათვალსიწინებული იყო მონტენეგროშიც. სცენარი, მონტენეგროში, უკრაინაში და ახლა უკვე საქართველოში, ფაქტობრივად, არის შეუცვლელი.
არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვამბობ, თუმცა ეს ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, აქ იგეგმებოდა სამხედრო გადატრიალების კლასიკური სცენარი. ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო მონტენეგროში, როგორიც იგეგმებოდა 1 წლის წინ უკრაინაში“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, როგორც „კვირამ“ გაარკვია, სემენჩენკო არჩევნებს არა როგორც „რადას“ წარმომადგენლის ან პოლიტიკოსის სტატუსით, არამედ როგორც მედიის წარმომადგენელი აკვირდებოდა. დეპუტატს “ცესკოდან” შესაბამისი აკრედიტაციაც ჰქონდა გავლილი.
სემენჩენკომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია, საინფორმაციო სააგენტო CYC.GE -ს სახელით გაიარა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაუდასტურეს. „კვირამ“, ასევე, გაარკვია, რომ ახალი ამბების სააგენტო CYC.GE “გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” კომიტეტის წევრ გიორგი გოგოლაძეს ეკუთვნის.
ცნობისთვის, დაპატიმრებული პირები, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე შიმშილობენ. შსს ამბობს, რომ ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ნომრების ჩხრეკისას, ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულთა დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ საქმე ფაბრიკაციასთან გვაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები