მცხეთის გენგეგმის შემუშავებაში იუნესკოს კონსულტანტები ერთვებიან
თბილისში იმყოფება იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და ICOMOS-ის საკონსულტაციო მისია.
მისიის წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა უკვე უმასპინძლა.
საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტები თბილისში მცხეთის გენგეგმის (ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავების პროცესში კონსულტაციების გაწევის მიზნით იმყოფებიან.
საკონსულტაციო მისიის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ჯიოტი ჰოსაგრაჰარი (Jyoti Hosagrahar). მისიაში ასევე, მონაწილეობას ღებულობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ოფიციალური მრჩეველი ორგანიზაციის – ICOMOS-ის ექსპერტი ალკივიადეს პრეპისი.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, 2015 წელს მცხეთაში ამოქმედდა განსაკუთრებული რეჟიმი და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება შეემუშავებინა ისტორიული ქალაქის – მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფილი დოკუმენტაცია. სწორედ ამ დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში დაეხმარებიან სახელმწიფო მხარეს იუნესკოს კონსულტატნები, რათა მცხეთის სივრცით-ტერიტორიული დოკუმენტაცია, ერთი მხრივ იყოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისი და, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ქალაქის გეგმაზომიერ და თანმიმდევრულ განვითარებას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი.
დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან გენგეგმის მომზადების ყველა ეტაპზე – კონკურსში საუკეთესო წინადადების გამოვლენიდან, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული დოკუმენტაციის საბოლოო დამტკიცებამდე. მათი ჩართულობა გულისხმობს ონლაინ-კონსულტაციებს, ვიზიტებსა და რეკომენდაციების მომზადებას.
2018 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე, კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და კონვენციის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კიდევ ერთხელ, დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით, ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს. ამ ძალისხმევის შედეგად, 2016 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანამიმდევრული ქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.