ამერიკული გამოცემა: თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, რუსეთი წაგვართმევს საქართველოს

შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“ – ამ სახელწოდებით ამერიკული გამოცემა „ამერიკან სპექტატორი“ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. გამოცემაში ვკითხულობთ, რომ საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს რუსეთის რეპრესიულ ჩარევას გაექცეს და დემოკრატიულ დასავლურ ალიანსს შეუერთდეს.
„ამერიკან სპექტატორის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს პროდასავლური ღირებულებები, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან კი ძლიერი კავშირები აქვს. სტატიაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზეც არის საუბარი.
„ გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირი, რომლის ფესვებიც რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პრო-დასავლური ფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად საპირისპიროს ამბობს. თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მის დემოკრატიულ ფასეულობებს. ხოლო თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე“ – ნათქვამია სტატიაში.
ამავე გამოცემის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მიმართავს ევროკავშირისა და ნატოსკენ და ის შესაძლოა გახდეს პირველი პრეზიდენტი ქალი საქართველოში, ისევე, როგორც ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

წყარო: იმედინიუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები