გია ვოლსკი: მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ მოქალაქეებს და სთხოვენ გადაიხადონ მათზე დარიცხული დავალიანება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ. შავ სიაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გაუგებარი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და ეუბნებიან, რომ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე დარიცხული დავალიანება.
მისივე თქმით, ტელევიზიებში გასული სიცრუე არამხოლოდ პროპაგანდა, არამე დანაშაულია საზოგადოების წინაშე.
„რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია, აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება. მაშინ როდესაც, ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში ჩამოიწერება და რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა. სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს, როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან. ამასთანავე, ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა, არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე.
​როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე. სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე დარიცხული დავალიანება. დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები