ონკოპაციენტთა ორგანიზაცია: გიორგი ვაშაძემ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს იმედი მოუკლა

გიორგი ვაშაძემ საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ საუბრისას ონკოპაციენტებზე გაკეთებული განცხადებით დაავადებულ ადამიანებს იმედი მოუკლა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრებმა განაცხადეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებას თამარ ნიშნიანიძე, თეა მაჭავარიანი და ბელა ბერიშვილი გამოეხმაურნენ.
როგორც თამარ ნიშნიანიძემ აღნიშნა, გიორგი ვაშაძის განცხადება გამაოგნებელი იყო.
„ჩვენი რეაქცია იყო მწვავე, ძალიან შეგვეხო ეს. გიორგი ვაშაძემ პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა მკურნალობას იტარებს, გამოუტანა განაჩენი. ფაქტობრივად, თურმე, მძიმედ ავადმყოფი ადამიანი, მომაკვდავი ადამინი, არ უნდა ფინანსდებოდეს, როგორ ხედავს ის ამის პრევენციას, საინტერესოა. ეს არის ადამიანების სელექცია. გიორგი ვაშაძის და მისნაირი ადამიანების ადგილი არ არის პოლიტიკაში. პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს ადამიანების ტკივილი და გაჭირვება.
2012 წლამდე მსგავსი, უპრეცედენტო დაფინანსება ნამდვილად არ ყოფილა. ყველაზე დიდი შიში იმან გამოიწვია, რომ ასეთი სიტყვის მთქმელი ადამიანი, აპირებს შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლას, შიში გაჩნდა, რომ შეიძლება, ეს დაფინანსება შეწყდეს. სახელმწიფო ამ ეტაპზე მართლა ყველაფერს აკეთებს, ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ მაქსიმალური დაფინანსება გააკეთოს.
დიდი ტკივილი იყო სიტყვები, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი და მომაკვდავ ადამიანზე დახარჯული თანხა არის შავ ხვრელში ჩასხმული თანხა. ეს იყო ყველაზე მეტად გამაოგნებელი. არ შეიძლება ასეთი სელექცია გააკეთო ადამიანის, რომელი შორს წასული სტადიაა და რომელი პირველი სტადია. ადამიანი ყველა ადამიანია, ყველას აქვს სიცოცხლის უფლება ნებისმიერ სტადიაზე და ის ამისთვის იბრძვის. ცოცხალი მაგალითი ვარ მე, მქონდა 32 მეტასტაზი, ვიბრძოლე ძალიან მაგრად, ბოლომდე და მინდა, რომ ძალიან კარგად ვიყო და ვიყო სტიმული ამ ადამიანებისთვის. ჩვენ ძალიან ვეფერებით თითოეულ პაციენტს“, – განაცხადა თამარ ნიშნიანიძემ.
მისივე თქმით, სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობისას, პაციენტის განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც „ევროპა დონა ჯორჯიას“ წვერებმა განაცხადეს, ვაშაძის განცხადებამ პაციენტებზე ძალიან ცუდად იმოქმედა, შიშის და უიმედობის განცდა გაუჩინათ.
„სიმსივნე არის ასეთი უცნაური დაავადება, როგორც წამალი ისე სჭირდება ადამიანების მხარდაჭერა და მომავლის იმედი.
გიორგი ვაშაძემ ამ განცხადებით, რაც ითქვა, რომ ეს ადამიანები, მეოთხე სტადიით დაავადებულები, არიან შავი ხვრელები, მოუკლა იმედი დაავადებულ ადამიანებს. ამ იმედის მოკვლით ერთ-ერთი წამალი წაართვა.
თუ ეს ადამიანი ხელისუფლებაში მოვა და იქნება საკანონმდებლო ორგანოში, შეიძლება, ადამიანის სიცოცხლე არად ღირდეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებზე, მეოთხე სტადიაზე უამრავი ბავშვია, საუბარია უამრავ დაუცველ ადამიანზე. ეს არის უტაქტო, უტიფარი განცხადება. ადამიანის სიცოცხლის უფლების წართმევაზეა საუბარი, ერთ-ერთი სადამსჯელო წინადადებაა, მოქალაქის დასჯაა.
მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, არ დაკარგონ იმედი, ვინც ახლა გადის მკურნალობას. ეს განცხადება არაფერს ნიშნავს. ეს არ არის შავი ხვრელი. ვიცნობ მეოთხე სტადიაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც 10 წელია გადიან მკურნალობას და ცოცხლები არიან, არსად წასვლას აპირებენ. მედიცინა ისე ვითარდება და წინ ისე მიდის, შეიძლება ხვალ სრულად განკურნების წამალიც მიიღონ. რატომ არიან ისინი შავი ხვრელები? შეიძლება ხვალ ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები გახდნენ“, – განაცხადა ბელა ბერიშვილმა.
როგორც თეა მაჭავარიანმა აღნიშნა, ონკოპაციენტების მკურნალობა მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ფინანსდება. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება შოკისმომგვრელი იყო.
„მე დამემართა ეს 2013 წელს, როცა არ იყო დაფინანსება საერთოდ არაფრის. ჩემმა მეგობრებმა გამიკეთეს ისე, რომ მე ქიმიები ვიკეთე აბსოლუტურად უფასოდ, პროგრამაში ჩამსვეს, გერმანიიდან მოდიოდა ჩემი ქიმიები. იცით, საერთოდ ვერ მივიღე სერიოზულად ეს დაავადება. რომ მითხრეს სიმსივნე გაქვსო, ისე მშვიდად ვუყურებდი, სამჯერ გამიმეორა სიმსივნე გაქვსო და უნდა მოიკვეთოო. აბსოლუტურად რეაქცია არ მქონია, იმიტომ, რომ მე ჩემი საქმე მქონდა. იცით რა, როდესაც ავად ხარ აუცილებლად რაღაცით უნდა დაკავდე, იმით რაც გიყვარს, აბსოლუტურად ვერ გავითავისე ასეთი სერიოზული რამე რომ მქონდა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. როდესაც სიმსივნიან პაციენტებზე ამბობ, რომ 6 თვით უხანგრძლივებენ ცხოვრებას და ბოლო დღეებს უფინანსებენ, ეს არის შოკი საერთოდ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენ ყველას ქიმია გვაქვს გაკეთებული, გვეტყობა რამე მომაკვდავების? ეს მათი ხელწერაა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა . ეს არის მათი სტილი, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ. პრევენციაში მივმართოთ ფულიო, პრევენციას ისედაც აკეთებს სახელმწიფო, ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ სკრინინგი უფასოდ, პრობლემა არ არის.
ყველა ევროპულ სახელმწიფოში და ამერიკაშიც სიმსივნე ფინანსდება 100%-ით, ერთადერთი რუსეთია, სადაც არ ფინანსდება. რუსეთის გავლენაა ეტყობა ეს, არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ქიმია, სიმსივნე, პლასტიკური ოპერაციებიც კი ფინანსდება ამერიკაში, თქვენ წარმოგიდგენიათ? და აქ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მეოთხე სტადიის დაფინანსებაზე”, – განაცხადა თეა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განცხადება „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.
„მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.
ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე, რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები