“არავისთვის მიმიმართავს ასეთის სახის თხოვნით” – ლაშა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში მასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თხოვნით მიმართავს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს განხორციელდა თუ არა მისი თხოვნით საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე ზეგავლენა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინ ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტს. ჩემს პირველ პოსტზე კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, ვთხოვე თუ არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს დახმარება, რათა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება არ მომხდარიყო? პასუხი ცალსახაა – არავისთვის მიმიმართავს ასეთის სახის თხოვნით. ცნობისათვის, ეს ინციდენტი გასული წლის ზაფხულში მოხდა. იმ პერიოდში მე ინტერნეტტელევიზიის რიგითი ბლოგერი ვიყავი და არანაირი შეხება მმართველ პარტიასთან და საჯარო ხელისუფლებასთან არ მქონდა. ამიტომ, დღეს ოფიციალურად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თხოვნით (თუმცა, დარწმუნებული ვარ ისინი ამ შემოწმებას ჩემი მიმართვის გარეშეც ჩაატარებდნენ), ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მათ შორის, განხორციელდა თუ არა, ჩემი თხოვნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე ზეგავლენა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, საუბარია “რუსთავი 2”-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტში წარმოდგენილ ჩანაწერზე.
ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზეა გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები