დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვას ეხება.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას 135 ნავთობტანკერი დაამატა, რომლებიც რუსეთის მიერ ნავთობის ფარულად ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ სანქცირებული ტანკერების მიერ 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი გადაიტანეს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის სანქციები ახლა ვრცელდება ორ კომპანიაზე, რომლებზეც რეგისტრირებულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“ არის დაკავშირებული.
„ახალი სანქციები პუტინის „ჩრდილოვან ფლოტს“ კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს და რუსეთს ნავთობიდან მიღებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს წაართმევს, რომლებსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
ბრიტანეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 2022 წლიდან ერთი მესამედით შეამცირა.
დიდი ბრიტანეთის ახალი შეზღუდვები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მან და ევროკავშირმა გასულ კვირას რუსული ნავთობის ფასის ე.წ. ლიმიტი შეამცირეს.