ირმა ინაშვილი: ვიღაცას ეცინება, როცა მამაკაც პოლიტიკოსებს ქალის კაბას აცმევენ, ან ქალს ულვაშს აწებებენ, მაგრამ ეს მარაზმი ჩემთვის მიუღებელია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდრი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და აცხადებს, რომის რაც დღეს საპრეზიდენტო კანდიდატების მისამართით ხდება მისთვის მიუღებელია.
„ამ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ანალიზისთვის თავისუფლად შეიძლება შევიტანოთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, როგორც შავი პიარის და ანტიჟურნალისტიკის მკაფიო მაგალითი, ყველაზე ნიშანდობლივი იყო არჩევნებში მონაწილე პირების (განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის) დამცირების, განადგურების, ღირსების შელახვის ტენდენცია. აქ არავინ მსჯელობდა თემატურად, აქ პირდაპირ ხორცის საკეპ მანქანას ატრიალებდნენ. ვიღაცას ეცინება, როცა მამაკაც პოლიტიკოსებს ქალის კაბას აცმევენ, ან ქალს ულვაშს აწებებენ, მაგრამ ეს მარაზმი ჩემთვის მიუღებელია არა მარტო საკუთარ თავთან ან მხარდაჭერილ კანდიდატთან მიმართებაში, არამედ პოლიტიკურ მტრებთან მიმართებაშიც! არც ის მომწონს, როცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ქალის სამოსს “ოცნების” მამაკაც ლიდერებს აცმევენ და არც ის მომწონს, როცა სხვა ფოტოებზე სააკაშვილი ქალის მანდილშია და ვაშაძეს ძუძუს აწოვებს! დიდი ხანია ზნეობის და ადამიანურობის ფარგლებს გასცდა ეს ყველაფერი. არც პრეზიდენტობა, არც დეპუტატობა, არც პრემიერობა, არც მინისტრობა ღირს იმად, რომ ადამიანი აბუჩად ავიგდოთ ან ავაგდებინოთ ვინმეს. მე ეს გადავიტანე საკუთარ თავზე და ახლაც არ მაკლია ცილისწამება და დაცინვა. საზოგადოებამ უნდა აღიმაღლოს ხმა. საზოგადოებამ უნდა თქვას, რომ არ უნდა ამისი ყურება, გავრცელება, ამისი მოსმენა და ამაზე სიცილი. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ არსებობს წესი, რიგი, ჩარჩო, წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“,- წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები