“სალომე ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება უკრაინაში მცხოვრები ქართველი სამხედრო მოსამსახურისგან მიიღო”

სალომე ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება უკრაინაში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურისგან მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ავრცელებს.
მისი თქმით, ერთ პირზეა საუბარი, იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა და მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია.
“საუბარია ერთ პირზე, ეს არის სამხედრო შენაერთის წევრი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ და არა საქართველოში. უკრაინაზეა საუბარი. ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ჩემი პირადი აზრია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შვილის მიმართ მუქარის გამო ის უმკაცრესად უნდა იქნას დასჯილი”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
ცნობისათვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ ჩაგვრის ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა. ომბუდსმენი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები