ანდრია გვიდიანი: ფადი ასლის უპასუხისმგებლო განცხადებები ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებაა და სხვა არაფერი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი ფადი ასლის განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„ასეთი განცხადებები, ჩემის აზრით, არის უპასუხისმგებლო და წარმოადგენს ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებებს. არ არის გამყარებული შესაბამისი სტატისტიკით და შესაბამისი მონაცემებით, ცნობისთვის რომ გითხრათ, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების და რეიტინგების თანახმად, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და სასამათლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს დღეის მდგომარეობით და მაგალითისთვის, ევროპის საუკეთესო ოცეულში შევდივართ. მე-19 ადგილზე ვართ მსოფლიო მაშტაბით რეიტინგებში, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას და თავისუფლებას, აქიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც პირდაპირ ზიანს  და დარტყმას აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, მოსახლეობაში ნერგავს ნიჰილიზმს, უნდობლობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ და ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხზე კეთდება კომენტარი, ყველა მოზომილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს სასამართლო ხელისუფლება, როდესაც 99,9 % იყო გამამტყუნებელი განაჩენები, ხოლო დღეს ეს რადიკალურად არის შეცვლილი, მათ შორის სტრასბურგში წასული საქმეების რაოდენობის მხრივაც რადიკალურად არის სიტუაცია გამოსწორებული. ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება იმის თქმა, რომ სასამართლოში კორუფციის ნიშნებია, და ა.შ.”, – განაცხადა გვიდიანმა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, კერძო არბიტრაჟის შექმნის შესახებ, ეჭვქვეშ დააყენა და მიზეზად სასამართლში არსებული კორუფცია დაასახელა.

„რაც შეეხება მამუკა ბახტაძის ინიციატივას, კერძო არბიტრაჟის შესახებ, ეს რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სისტემური რეფორმა, ზოგადად ბიზნესდავების გადაწყვეტა არის სპეციფიკური საკითხი და იქნება რასაკვირველია ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი. წინასწარ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან იმის გაჟღერება, რომ ეს იქნება წარუმატებელი და უიმედო ფონის დანერგვა არ არის, რასაკვირველია, სწორი მიდგომა და შესაბამისად ვთვლი, რომ ხელისუფლების სწორი მიდგომების და ნაბიჯების შედეგად საქართველოში შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების არბიტრაჟის ჩამოყალიბება“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი და ფადი ასლის თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები