„ჩემი სურვილია, 100-ნი გავხდეთ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ“…   

კახეთში, გურჯაანის რაიონში დაიბადა.  ბებიის დამსახურებაა, რომ ხელსაქმიდან დაწყებული, ვენახის მოვლაპატრონობით, პურის ცხობით დამთავრებული, ყველაფერი ისწავლა. ასევე ისიც, რომ დღეს 9 შვილის დედაა…
ფიქრობს, რომ მისი პროფესია დედობაა. ერთხანს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ გააგრძელ სწავლა. ორჯერ მოწია აკადემიურის აღება. იყო 90-იანები, გაჭირვების წლები, სურვილი, რომ 9 ვაჟი ყოლოდა, 9 აპრილმა კიდევ მეტად გამძაფრა.
მართლაც, დღეს არის 9 შვილის დედა, ჰყავს უნიჭიერესი შვილები. ყველას აქვს ავისი ხელობა და  საქმის პროფესიონალები არიანთავად ბოტანიკური ბაღის თანამშრომელია. წერს ლექსებს, გატაცებულია ფოტოგრაფიით, კალიგრაფისტია. – ელისაბედ ჯავახიშვილის პერსონა.

– დავიბადე კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, მრავალშვილიან ოჯახში. ჩემი ოჯახი მაგალითის მომცემი იყო ჩემთვის, სადაც დაცული იყო უფროს – უმცროსობა. პაპა ბოლშევიკებმა გააციმბირეს. ლიზა (ელისაბედ) ბებიამ მარტომ გამოზარდა ორი შვილი. სამამულო ომის მძიმე წლებმა მისი მტკიცე სული ფოლადივით გამოაწრთო. სოფელში ძალიან აფასებდნენ და ჭკუასაც ხშირად ეკითხებოდნენ. ჩემში თუკი რამ  კარგი არსებობს, ბებიას დამსახურებაა და ჩემი შემოქმედებაც თითქმის ავტობიოგრაფიულია. მიწის, ბუნების, წყლის, პურის, ღვინის, შრომისმოყვარეობის სიყვარული – რაზეც ვწერ, რასაც ასე კარგად ვიცნობ, ბებოს დამსახურებაა.
უცნაური ბავშვი ვიყავი. ბავშვებთან თამაშს ბებოებთან ჯდომა და ქვეყნის ამბების მოსმენა მერჩია.
ბებია ხშირად მიყვებოდა საგმირო საქმეებზე, 9 ძმა ხერხეულიძეზე, ცოტნე დადიანზე, თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე. წერა-კითხვაც მან მასწავლა. მიამბობდა ქართულ ზღაპრებს და თვითონაც არაჩვეულებრივად თხზავდა სახელდახელოდ ზღაპრებს იმ ადამიანებზე, ვისაც ვიცნობდი.
საოცარი მოყოლა იცოდა.ზუსტად ბებიის დამსახურებაა, რომ მე დღეს 9 შვილის დედა ვარ. რამდენი ღამე გამიტარებია იმაზე ფიქრით, როდის შევძლებდი, მეც რაიმე ღირებული მომემოქმედებინა ქვეყნისათვის. საოცრად რელიგიური იყო და თავისი ცხოვრების წესით მასწავლიდა ყოველივეს. ხელსაქმიდან დაწყებული, ვენახის მოვლა პატრონობით დამთავრებული, პურის ცხობა, მასთან დამოკიდებულება, ყველაფერი მისი წყალობაა.
კალიგრაფისტი ვარ და ბებოს დამსახურებაა ისიც, რომ დღემდე ასოებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს ისე აღვიქვამ.
აქ მინდა ერთი ამბავი გავიხსენო. ჩემს მერვე შვილს ლევანს ვამეცადინებ. პირველკლასელია და ასოები აქვს გამოსაწერი. ვღელავ, ვცდილობ ჩემში არსებული ფაქიზად გადავიტანო მასში. ჩქარობს თვალი და გული უბნისკენ გაურბის, სადაც ბავშვები ბურთით თამაშობენ. ე ასოს დაბლა მუცელს სწორად კი არ უხაზავს, არამედ მარჯვნივ უბრუნებს, თითქოს გადაქცეულიაო… მეასედ ვუსწორებ და ვგრძნობ, როგორ მელევა მოთმინებაც და ხმაში ყინულები წკრიალებს…
მერე ვაყენებ ფეხზე და მის მარჯვენა ხელს უკან ვუწევ ისე ძალიან, რომ ყვირის: დედა, მტკივა! გაბრაზებული ვეუბნები, აბა, ამ ე-ეს არ სტკივა?! გაოცებული მიყირებს და ხვდება, რომ ძალიან განვიცდი და მპასუხობს: ქვას სტკივაო, ფოთოლს სტკივაო, მიწასაც სტკივაო და ამ ე-ესაც სტკივა?!… იმ წუთში ბებო მახსენდება და მის სიტყვებს ვიშველიებ, აბა, რამ მოგვიყვანა აქამდე, დედი… ჩვენი ენა, ანბანი, მიწა. ყოველივე ცოცხალია და აქ (გულზე ხელს ვადებ), თუ არ გტკივა და არ გრძნობ, რისთვის გაჩნდი მაშინ?! რატომ მოგავლინა ღმერთმა?!…
ასე დაიწყო ლევანმა ლამაზად წერა. მიწერდა ბარათებს, მბაძავდა. ერთი სიტყვით, ის კარგი კალიგრაფისტი და მხატვარია.
– სკოლის პერიოდში ხატავდით… თქვენმა ნახატებმა პარიზში სიგელიც კი დაიმსახურა… წერა როდის დაიწყეთ?
– როგორ დავიწყე წერა?! ზუსტად არც მახსოვს. ალბათ – ბავშვობიდან. ლექსები კი – გვიან. სკოლაში ცნობილი ვიყავი ზედმეტსახელით ,,მხატვარი”, – ასე მიხსენიებდნენ.
სკოლის გვერდზე, მინდორში, წრეში გვაყენებდნენ, როცა პიონერთა რიგებში, ან კომკავშირის რიგებში გვიღებდნენ.
სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მქონდა შინაგანი წინააღმდეგობა, ყელსახვევის ან სამკერდე ნიშნის გაკეთების, ამის გამო ხშირად შენიშვნებსაც ვიღებდი. მოუსვენარი და ცელქი ვიყავი, მხიარული, სულ ვიგონებდი რაღაც ისეთს, მაგალითად, მასწავლებლის კარიკატურას ვხატავდი დაფაზე.
ერთხელაც მოეწყო მინდორზე კლასების მწკრივი და მე დამრიგებელი მეუბნება, წინ დადექიო. გულში ვფიქრობ, ალბათ რაიმე დავაშავე და დამსჯიან-მეთქი. მინდორზე შემოდიან – დირექტორი, სასწავლო ნაწილი და რაიონის კომკავშირის მდივანი. აცხადებენ ჩემს გვარს და აღარაფერი მესმის.
ყურებს ბუბუნი გააქვს, სახე მეწვის. მოკლედ, ჩემმა ნახატებმა  ჯილდო დაიმსახურა და ფრანგულ ენაზე დაწერილი სიგელი მივიღე პარიზიდან. ბიძაშვილი თბილისში პიონერთა სახლის ფრანგული ენის სპეციალისტია. მან ჩუმად გააგზავნა ჩემი რამდენიმე ნახატი. ის სიგელი დიდხანს ეკიდა სკოლის ფოიეში გამორჩეულ ადგილას. და როცა მის წინ გავივლიდი, გული მიფრთხიალებდა. მიხაროდა. ეს იყო ჩემი პირველი აღიარება და ცნობადობა. მაგრამ ხატვა ცოტა ხანში ყველაზე დამღლელ საქმიანობად მექცა.
სკოლაში ხშირად მახატვინებდნენ კლასიკოსებს. კაბინეტური სისტემის გამო, მენდელეევიდან დაწყებული პუშკინით დამთავრებული ყველა მყავს დახატული.
არ მიყვარს იმის კეთება რაც არ მსურს, ამიტომ ხატვა სიამოვნების გამო კი არ მიწევდა, არამედ მოვალეობის გამო.
სულ ვტიროდი,  ღმერთს: ღმერთო, რატომ მომეცი ხატვის ნიჭი და არა ლექსის წერის ნიჭი-მეთქი. მგონი, ძალიან შევაწუხე ღმერთი და ერთ დღესაც დამეწყო… 7 ლექსი დავწერე და ისე ვარ ვერ ვჩერდები. მოსვენება დავკარგე, აღარც ძილი მეკარება, აღარც ჭამა მსურს, დავდივარ და ყველგან და ყველაფერში ლექსი სენივით შემეყარა… მხატვრული კითხვის სიყვარული ჩემი ქართულის მასწავლებლის, ნიურა ჯალიაშვილის დამსახურებაა. დღემდე ვმეგობრობ ჩემს პედაგოგთან და როცა გურჯაანში ჩავდივარ, ვუკითხავ ლექსებსაც და მოთხრობებსაც. სამწუხაროდ, ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება.
ჩავაბარე პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ბავშვების გამო ვერ გავაგრძელე სწავლა. ორჯერ მომიწია აკადემიურის აღება. იყო გაჭირვების წლები, 90-იანები. 9 აპრილის თემამ ჩემი სურვილი, რომ 9 ვაჟი მყოლოდა, კიდევ მეტად გაამძაფრა. ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოს დანაკლისის შევსება მე მინდოდა.
ეს განცდა დღემდე მომყვება და როცა მეკითხებიან, ვინ ვარ პროფესიით, სიამაყით ვპასუხობ: დედა!
– დედობა რომ თქვენი პროფესიაა, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი მოხდა, რამაც ლექსიც კი დაგაწერინათ…
– დედა ჩემთვის სამყარო არის… ყველაზე სათნო, უბრალო, თავმდაბალი, უენო… არ მახსენდება, დედას დავესაჯე… ისე მიამიტურად სჯეროდა ჩემი, არაჩვეულებრივი მსმენელი იყო, ამაგიანი, კეთილი, შრომისმოყვარე… მამა საოცრად კეთილი და მკაცრი. მისი დევიზი იყო: შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო. ხშირად მიმეორებდა, ქალი უნდა იყოს დედა, აი ესაა ქალის მოვალეობა და ნამდვილობაო. მინდა გაგაცნოთ ჩემი ლექსი და და აი ლექსიც, რომელიც შეკითხვის პასუხად ითქვა სამარშრუტო ტაქსიში კახეთში მგზავრობის დროს.
გიამბობთ ამ ამბავსაც. მოკლედ, თვეები გავიდა, არ ვყოფილვარ კახეთში. გული საგულეს არაა, ისე მიხარია მსვლელობა და ვინაყრებ მონატრებულ ემოციას, თვალებით ვეფერები მშობლიურ მთასა და ბარს. ჩემთან ერთად კახელი მოვაჭრე ქალები მგზავრობენ, მაყოფილი სახეებით, რომ ლოყაწითელა უტკბილესი ატმის ვედროები გაცალეს. მიეშურებიან სახლებისკენ. მარშრუტკაში ზის ენაწყლიანი კაცი, მოუსვენრად ცქმუტავს და აქტიურობს. გაეცნო ქალებს და თავის თავს პიარს უკეთებს. ქალებს პატიჟებს ,,სააბორტედ” მეან-გინეკოლოგი გახლავართო… მდაა… უკვე გავბრაზდი და ვცდილობ, არც კი შევხედო, არადა, ვგრძნობ, რომ მთელი მისი მცდელობა ჩემკენაა მომართული. ის ქალები ნაკლებად აინტერესებს. მანავში ჩემს გვერდით მჯდომი ასაკიანი ქალი მემშვიდობება და ეს მამაკაცი მიჯდება გვერდით. თითქმის ზურგი შევაქციე, გაბრაზებული ვარ. და უცებ მეკითხება: უკაცრავად, ქალბატონო, რა პროფესიის ბრძანდებით?!
მე დედობა მაქვს პროფესიად, გაწყობთ ბატონო?!
სილასავით გავაწანი. დადუმდა, ხმა საერთოდ აღარ ამოუღია და ცოტა ხანში მძღოლს მიუჯდა…

გთავაზობთ ამ ლექსს:

ღელვით გზას გავცქერ,
ვერ ვგრძნობ, ვერვის, გარშემომყოფებთ
თვალი დაეძებს, ადგილს სადმე,
რულის მორევის…
უეცრად გვერდით მჯდომი კაცი,
ასე შუახნის, მკითხავს ჯიქურად
და შეუპოვრად:
– რა პროფესიის ბრძანდებით,
თქვენ, ქალბატონო?!
გაოცებული მზერას ვესვრი
და ვფიქრობ გულში,
კაცი, რომელიც ვერ უძლებს დუმილს
ენაწყლიანი…
ცოტა ვიბნევი და მკვეთრად ვამბობ:
მე დედობა მაქვს, პროფესიად, გაწყობთ, ბატონო?!..

ეს მოხდა 1997 წელს.

დედა და მამა ტკივილით სავსე ცხოვრებით მაინც ცდილობდნენ, არაფერი დაეკლოთ ჩვენთვის. ორი ძმა გარდამეცვალა და დავრჩით უფროსი ძმა და ორი და. ამ ტრაგედიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს მხიარულ ფერად ბავშვობაზე და სევდა და ცრემლი მექცა ცხოვრების თანამგზავრად.
– ალბათ იმიტომ ჭარბობს თქვენს მოთხრობებში სევდა
– ასეა. ლექსებიც რატომღაც სევდიანები გამომდის, იმის მიუხედავად, რომ მიყვარს სილაღე მხიარულება და სიცოცხლე, მზე, ყვავილები, ხეები… პრეტენზია მაქვს, მიყვარდეს ყველა და ყველაფერი, მხოლოდ ამას ვთხოვ ღმერთს, ეს მარაგი არ გამომილიოს, ვემსახურო მოყვასსა და ადამიანებს.
– ერთხანს ლიტერატურული სალონიც დააფუძნეთ…
– კახეთში ცხოვრებისას ვიბეჭდებოდი ადგილობრივ ჟურნალ – გაზეთებში. ერთ-ერთი იყო გაზეთი „მუზა“, რომელიც  ომარ გოჩელაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა.
„წიგნის სახლში“ ლიტერატურული სალონი დავაფუძნე, სადაც თვის ბოლო ოთხშაბათს ვიკრიბებოდით როგორც რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა შემოქმედები, ასევე  ასაკიანი პოეტებიც. სოფელ-სოფელ მოვაგროვე ყველა ის ადამიანი, ვისაც ლექსთან რაიმე შეხება ჰქონდა. გვქონდა გაზეთიც და წვალებითა და დიდი მუშაკობით ვცდილობდით ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას.
ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებით გიყვართ…
– დიახ, ასეა. მრავალ ადამიანს წარმოუდგენია  მრავალშვილიანი დედა გაწამებული სახით, დაღლილი და განაწამები. როდესაც გამიცნობენ, უკვირთ, მხიარული, ხალისიანი, ენერგიული ვარ… რატომ? იმიტომ, რომ სულ მინდოდა, ასეთი დედის სტერეოტიპი დამენგრია, მინდა ყველა ქალს მოვანდომო, რომ ბევრი შვილის დედობა მადლი და უდიდესი ბედნიერებაა… თუმცა ძალიან დამღლელია, მაგრამ ყოველთვის მათი მოვლისას  დედაშვილობანას თამაშის განწყობა მქონდა და განა პატარა გოგონა თამაშით იღლება?! არა მგონია…
სად იწყება რეალობა და სად იწყება ოცნება?! ეს ჩემთვის ერთი მთლიანია. არ არსებობს, მეთხოვოს რაიმე ღმერთისთვის და არ მოეცეს… ბავშვობაში ნაპოვნმა დიდმა სიკეთემ ხელჩაჭიდებული მომიყვანა 50-ის კართან და როცა უკან ვიყურები, ბედნიერი ვარ, მყავს უამრავი შვილი, ჩემი სულის მარგალიტები და წვით და დაგვით შობილნი, გულის სისხლძარღვებით გამოკვებილი ჩემი ლექსები…
9 შვილი და 14 შვილიშვილი – ხუმრობა საქმე როდია
– მე და ჩემს მეუღლეს სულ გვინდოდა,  რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა, არასოდეს გვაკმაყოფილებდა ის, რაც გვქონდა. ასე დავიწყეთ ძიება. და იმ საქართველოში, სადაც 90-იან წლებში, უამრავი ბავშვი ქუჩაში წებოს ისუნთქავდა, გლახაკობდა და შიმშილის მოსაკლავად ხელგაწვდილნი იჯდა მიწისქვეშა გადასასვლელებთან… მოკლედ, საკეთებელი უამრავი იყო. ასე მოვხვდით ჩვენი გულწრფელი სურვილებით ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან. მეუღლემ მის დაცვაში დაიწყო მსახურება. მაშინ 5 შვილი გვყავდა – შალვა, გიორგი, ანდრია, თორნიკე და თამარი…
ცოტა ხანში მისი უწმიდესობის ლოცვა – კურთხევით  ქუჩიდან რამდენიმე ბავშვი ავიყვანეთ. ასე დავიწყეთ და ჩვენს ხელში 18 -მა ბავშვმა გაიარა. ერთი დიდი ოჯახი გვაქვს. დღეს მათგან მყავს 7 შვილიშვილი და ჩემი 9 შვილიდანაც 7 შვილიშვილი. ჩემი სურვილია, 100-ნი გავხდეთ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ…
რა არის ბედნიერება?
– ამ კითხვაზე პასუხი ასეთია. მრავალი შვილი, ჯანსაღი ფსიქიკითა და შრომის სიყვარულით, –  ესაა ჩემი ჩინ-მენდლები… საკეთებელი საქართველოში მართლაც ბევრია. ვიღაც ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს თანხა სჭირდება… რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგარამ, პირველ რიგში, სჭირდება დიდი სიყვარული და  ერთმანეთზე მზრუნველობა.
საქართველოში პირველი მოხალისე ქალი იყავით პალიატიუგანყოფილებაში
– ჩემი გაჭირვებისათვის ადვილად რომ შემეხედა, სულ ვეძებდი უფრო გაჭირვებულს და ვცდილობდი, მისთვის სიყვარული მიმეცა. ასე ვიარე წლები საავადმყოფოებში. დავდიოდი მიტოვებულ ბავშვებთან და ვცდილობდი, მათთან ერთი საათი მაინც გამეტარებინა, ნამდვილი დედობრივი სიყვარული რომ მიმეცა მათთვის.
ამის მერე ჩემი უსახლობა აღარაფრად მიმაჩნდა. ხშირად ჩემი შვილები ლექსით დამიპურებია, ეს არაა ლამაზად ნათქვამი. ეს ის რეალობაა, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ყველა შვილს აქვს თავისი საქმე, ხელობა და  საქმის პროფესიონალები არიან.
ორი პოეტი. მხატვარი, ოქროს და ვერცხლის ჭედურობა, ხატმწერი, მომღერალი, ხეზე მკვეთი და ასე ჩვენი სახლი სახლი სახელოსნო სალონია, სადაც შეიძლება სივრცე ძალზედ პატარაა, მაგრამ ის სიყვარული, რაც ერთმანეთის  და ადამიანების მიმართ გვაქვს, სამყაროსავით უკიდეგანოა.
– გვიამბეთ თითოეულზე…
– მეუღლე დავით მექერიშვილი, სამწუხაროდ, ავადაა და ვეღარაფერს აკეთებს, უფროსი შვილი, შალვა მექერიშვილი ხატმწერია, აქვს ხის საამქრო, სადაც მზადდება ხატები და საეკლესიო ნივთები, იქვე მუშაობს მესამე შვილი, ანდრია ანდრია, პოეტია, კვეთს ხეზე და ამზადებს კანკელებს ტაძრისათვის, კიოტებს და ხატებს ამკობს.
თორნიკე მუშაობს მოოქროვილ და მოვერცხლილ ხატებზე. ლევანი ხატავს და ესეც კვეთს ხეზე.
გიორგი დაოჯახებულია და მისი გატაცებაა ქართული სამზარეულო. თუმცა ამ ეტაპზე სხვა ადგილზე მუშაობს .ნინო და თამარი დაოჯახებულები არიან და ისინიც პროფესიით დედები არიან ჩემსავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელი მათთვის სათანადო განათლების მიცემა .ჯერ პატარები არიან და ყველაფერი წინ აქვთ.
მარიამი მეცო სოპრანოა, აკადემიურ სიმღერას ეუფლება და კონსერვატორიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში მეთორმეტე კლასის გადასახადი ვეღარ შევიტანეთ და გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.
თეკლა მეთერთმეტე კლასშია, არაჩვეულებრივად წერს, ლევანის მსგავსად, კალიგრაფიაც კარგად გამოსდის და კარგად სწავლობს. ასევე კარგად ხატავს. ლევანი მეცხრე კლასიდან გამოვიდა და ოჯახს ეხმარება ქირის გადახდაში თავისი შრომით. ყველას უყვარს თავისი საქმე და იმედია, ამ დუხჭირ ცხოვრებაში ღვთის შეწევნით მოძებნიან გზას, რომელიც ადამიანების სამსახურში ჩააყენებთ მათ და მეც პირნათელი ვიქნები ღმერთის და ქვეყნის წინაშე.
ანდრიას ნამუშევარზე გიამბობთ, სკივრის გაკეთებას 3 წელი მოანდომა, კომპოზიცია კი ჩემი მოფიქრებულია პურის ფესტივალისათვის.
გატაცებული ვარ ფოტოგრაფიითაც, სამწუხაროდ, ტელეფონით ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ ამას წინათ, ჩანთა მომპარეს და ასე  დავრჩი უტელეფონოდ…
– ვინ გაგიკვალათ გზა შემოქმედებაში?
– ჩემი პირველი გზის გამკვალავი იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნიჭიერი პოეტი მარიამ წიკლაური. მან საპატრიარქოს რადიოთი წარმადგინა მსმენელთან არ დამავიწყდება ის წლები, როცა უამრავი ადამიანი მირეკავდა მადლობას მიხდიდა, მთხოვდნენ სკოლებში მისვლას და ბავშვებისათვის მოთხრობების წაკითხვას.
პატივი მქონდა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში მეათე – მეთერთმეტე კლასელებთან შეხვედრისა. საპატრიარქოს ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში  მოსწავლეებთან შეხვედრისა.რადიოში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად გამომდის დეკლამატორობაც და არაჩვეულებრივად დიდ სიამოვნებას მანიჭებს კითხვა.
ქალთა საბჭოს მიერ გამართულ ერთი ლექსის კონკურსში  მეორე ადგილზე გახვედით…  კრებულის გამოცემაზეც ფიქრობთ…
– ჟიურის წევრები იყვნენ: მზექალა შანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ნინო ჯავახიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, დათო მჭედლური და სხვები…
წიგნი ვერ გამოვეცი იმიტომ, რომ, სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზად არ ვიყავი, მუდმივად მაქვს უკმარისობის განცდა და არ ვიცი, ოდესმე ვიქნები თუ არა ამისთვის მზად. თუმცა მიყვარს აუდიტორია და წელიწადში ერთ პოეზიის საღამოს ვმართავ, სადაც ის ადამიანები იკრიბებიან, ვისაც მართლა უყვარს ლექსით ტკბობა და ბედნიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა წერის ნიჭი, რომელიც ამ საშინელ სიმძიმილით სავსე ცხოვრებაში ერთგვარი თერაპიაა, რელაქსაციაა და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ წერისას…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები