ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ეტაპი, როდესაც კონკრეტული გარე დავალებებით მოქმედი პოლიტიკური ძალები, აგენტები მოქმედებენ იმ მიზნით, რომ შეასრულონ დაკვეთა და ქვეყანა აჯანჯღარონ” – ჭეიშვილი

“შეგვიძლია, უკვე დადასტურებულად ვთქვათ, რომ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და, ამდენად, დაიწყო 9-თვიანი ვადის ათვლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკას“ კონსტიტუციურ სარჩელზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ჭეიშვილმა განმარტა, კონსტიტუციურ სარჩელში მოვლენებისა და პროცესების მთელი წყებაა აღწერილი, რომელიც 2003 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

„რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ მხარეს – ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, აგენტურისგან, იმ ძალებისგან, რომლებიც არიან დაინტერესებული ექსტრემიზმის გაღვივებით, დაინტერესებული არიან ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობით, დაინტერესებული არიან იმით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში და არ მისცენ საშუალება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას მშვიდ, სტაბილურ გარემოში განვითარდეს. ამ დანაპირებს ჩვენ ვასრულებთ. ეს არის შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ეტაპი, როდესაც კონკრეტული გარე დავალებებით მოქმედი პოლიტიკური ძალები, აგენტები მოქმედებენ იმ მიზნით, რომ შეასრულონ დაკვეთა და ქვეყანა აჯანჯღარონ, რათა აქ ვერ მოხერხდეს სათანადო მასშტაბით განვითარების უზრუნველყოფა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ დემოკრატიული სისტემის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისთვის იქნება ყველანაირი წინაპირობა და დერადიკალიზაცია იქნება მიღწეული“, – თქვა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები