ირლანდიელი სენატორი: არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ საქართველოს გამთლიანებულს ვიხილავთ

ირლანდიელი სენატორები საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს. სენატორებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მკაცრად დაგმეს.
სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით, იგი შეძრწუნებილია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით. საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა.
“ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა. სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას.იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს”,-განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა.
შეგახსენებთ, ირლანდიის სენატმა 2018 წლის 7 ნოემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union”, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები