„მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – თელავში ფოტოგამოფენა და ლექცია გაიმართება
7 ნოემბერს, 13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი – „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საგანამანთლებლო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა.
ფოტოგამოფენა მოიცავს ერეკლე II-ის მიერ გამოცემულ სიგელებსა და მისი პერიოდის ისტორიული საბუთების წარმოდგენას საინფორმაციო ბანერებითურთ: მეფის ავტოგრაფები, მისი მდივან-მწიგნობრები და ა.შ.
ლექციას სახელწოდებით – „ერეკლე II – რეფორმატორი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე“, წარუძღვება ახალგაზრდა პროფესორი, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი.
2018 წელს შესრულდება ერეკლე II გარდაცვალებიდან 220 წელი. მეფესთან დაკავშირებული ორიგინალური მასალა დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მათ შორის, ერეკლეს ავტოგრაფები, მის მიერ გაცემული ნუსხები და სხვ.
ერთ-ერთი აქტივობა – „მიულოცე მეფეს“ გულისხმობს მეფე ერეკლესთვის მილოცვის დატოვებას. დაინტერესებული პირები შეძლებენ, მილოცვას გრაგნილის სახე მისცენ ჯვალოს თოკის მეშვეობით, შემდეგ გაახურონ „სურგუჩი“ – მასალა, რომელიც საჭიროა „სიგელისთვის“ სამეფო ბეჭდის დასარტყამად, და თვითონ დაბეჭდონ მათ მიერ მეფისთვის გაგზავნილი მილოცვა.
პროექტს წარმოადგენს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თელავის მუნიციპალიტეტთან ერთად.
მის: ერეკლე II გამზ. N1.