მწერალთა სახლში წიგნის -„ქართული ვაზის ჯიშების“ წარდგენა გაიმართება

13 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, წიგნის,  „ქართული ვაზის ჯიშების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „პეგასიდან“ აცნობეს, გამომცემლობამ მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფთან ერთად მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომი – „ქართული ვაზის ჯიშები“, რომელიც გვამცნობს 614 ქართულ ვაზის ჯიშს.
წიგნის მოამზადეს – პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძმ, მწერალმა გიორგი კაკაბაძემ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა ლონდა მამასახლიშვილმა.
წიგნში თავმოყრილია ყველა მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა-შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა.
ქართული ვაზის შესახებ ასეთი ხასიათისა და მასშტაბის წიგნი ჯერ არ გამოცემულა. წიგნი დაბეჭდილია უცხოეთში  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, მისი ტირაჟი შეზღუდულია. საგამომცემლო ფასია 100 ლარი. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები