ახალი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა და ვირტუალური სამუზეუმო თამაშის წარდგენა გაიმართება
1 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ახალი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა და ვირტუალური სამუზეუმო თამაშის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეისათვის გაერთიანების მუზეუმებში მიმდინარეობს 30-მდე სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს სამუზეუმო ნივთებით მდიდარ გარემოში ცოდნის გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობას. ინტერაქციისა და პრაქტიკული თამაშების მეშვეობით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, დაიკმაყოფილონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა, გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.
ახალი საგანმანათლებლო ცენტრი სტუმრებს შესთავაზებს ექსპერიმენტის ჩატარების, შთაგონების განვითარებისა და კრეატიულობის გამოვლენის საშუალებას. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების შესაძლებლობების წარმოჩენა და მათ შესახებ არსებული კვლევების ჩვენება სამუზეუმო პროგრამების მთავარი მახასიათებელია.
ახალ საგანმანათლებლო ცენტრში პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას ორი ახალი პროგრამა: „თოჯინების ისტორია“ და „ნინგიო იოპონური თოჯინა“.
ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვებგვერდზე ჩაშვებული ახალი თამაშის პრეზენტაცია, რომელიც დამთვალიერებელს კიდევ უფრო დაახლოებს მუზეუმებთან.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N 10, ახალი საგანმანათლებლო ცენტრი.