თბილისის ოპერის სცენაზე ორ კონცერტს თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი – დანიელ ორენი გამართავს

10 და 14 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონცერტებს უმაპინძლებს, რომელთაც უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი – დანიელ ორენი უდირიჟორებს.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, 10 ნოემბერს შესრულდება ვერდის „რეკვიემი“, რომელშიც სახელგანთქმული ქართველი მომღერლები – იანო ალიბეგაშვილი, ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ანდღულაძე მიიღებენ მონაწილეობას.
14 ნოემბერს კი აჟღერდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის N9 სიმფონია, იანო ალიბეგაშვილის, ნინო სურგულაძის, გიორგი ანდღულაძის და არმაზ დარაშვილის შესრულებით.
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორებიცაა ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი. ამ რანგში დანიელ ორენმა პირველი კონცერტი „ოპერა ფანტაზია“ თბილისში 2018 წლის 16 და 18 იანვარს გამართა.
მიწვეული დირიჟორის სტატუსით, ორენი აქტიურად გამოდის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტაატსოპერაში, პარიზის, სან-ფრანცისკოს, ბუენოს აირესის, თელ-ავივის, ტოკიოს საოპერო თეატრებში, ასევე არენა დი ვერონაზე.
მაესტრო უმეტესად საოპერო ჟანრზეა ფოკუსირებული, თუმცა, სხვადასხვა დროს მას სიმფონიური მუსიკის კონცერტები გაუმართავს მსოფლიო კლასის ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის საუკეთესო ინტერპრეტატორი, თუმცა, წარმატებით ასრულებს ბელინის, დონიცეტის, ჰალევის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა მრავალრიცხოვან ნაწარმოებს. უმუშავია – ლუჩანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა ჩედოლინსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან და სხვა დიდ მომღერლებთან ერთად .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები