ბიძინა ივანიშვილი: ერთად უნდა დავდგეთ, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და გავერთიანდეთ
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურს იგებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სპორტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ და ყველამ მიიღოს მონაწილეობა ერთიან საქართველოს აღმშენებლობაში.
“ნუ დაიბნევით, დაივიწყეთ სიძულვილის ენა, ძალიან კარგი რამ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ შეხვედრაზე, სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდიოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ და გავერთიანდეთ. სწორედ ასე მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვლმა ჟურნმალისტებთან მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა:
“ყველა სოციოლოგიური გამოკითხვებითა და დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმების რაოდენობას, რაც მას გამარჯვებას მოუტანს, მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი,მეორე ტურს აუცილებლად იგებს ქალბატონი სალომე.
თუ მეორე ტური შედგა და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” ორ წარმომადგენელს, რომელიც ორ პარტიას წარმოადგენს დღეს. მათ შორის, ვგულისხმობ ბაქრაძესა და ვაშაძეს, სხაობა, რაღაც 1 პროცენტია. თუმცა, მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.