კრემლში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა დასრულდა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კრემლში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

უშაკოვის თქმით, პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო, რომელიც სამ საათს გაგრძელდა.

„მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა;

მოლაპარაკებებმა შესაძლებელი გახადა მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების კიდევ უფრო დაახლოება არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც;

სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა მდინარე ელბაზე საბჭოთა და ამერიკული ჯარების ისტორიული შეხვედრის 80 წლისთავს დაემთხვა. ეს შეხვედრა, როგორც ყველამ იცის, სიმბოლურად გამოხატავს ჩვენი ორი ქვეყნის სამხედრო ალიანსს ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პროდუქტიული დიალოგი ყველაზე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინულ კრიზისს, საუბარი მიდიოდა, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა უშაკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა და უიტკოფმა დღეს შუადღისას კრემლში შეხვედრა გამართეს. მასში ასევე მონაწილეობდნენ უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები